კომუნიკაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს ცინცაბაძის ჯგუფის საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ
საქართველოს სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს მორიგი კომუნიკაცია წარუდგინა ცინცაბაძის ჯგუფის საქმეების აღსრულების მდგომარეობის შესახებ.
კომუნიკაცია ეხმიანება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2024 წლის მარტის გადაწყვეტილებასა და საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმას. ამ დოკუმენტში წარმოდგენილია მთავრობის მიერ ცინცაბაძის ჯგუფის საქმეების აღსრულების მიზნით გატარებული ზოგადი ღონისძიებების შეფასება.
კომუნიკაციაში განხილულია შემდეგი საკითხები:
- სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატის გაუმჯობესების საჭიროება და აქციების დროს სამართალდამცავთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი სამართალდარღვევების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ხარვეზები;
- სამართალდამცავთა მიერ მოქალაქეებთან ურთიერთობის ვიდეოგადაღებისა და პოლიციის დაწესებულებებში ვიდეოჩანაწერების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემები;
- ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის დოკუმენტირების ხარვეზები;
- დეესკალაციის ოთახებში პატიმართა მოთავსების პრაქტიკა და ნორმატიული მოწესრიგების საჭიროება.
კომუნიკაციაში ცინცაბაძის ჯგუფის საქმეების აღსრულების ხელშესაწყობად გაცემულია რეკომენდაციები ხელისუფლებისთვის.